კრიზისი კოალიციაში

ალასანია: ივანიშვილთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, მაგრამ ეს ჩვენ შორის დარჩება

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ადასტურებს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და აღნიშნავს, რომ ეს ორმხრივი შეთანხმებით მოხდა.

"გუშინ საღამოს ორივე მხარის შეთანხმებით შედგა ეს შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ გავცვალეთ, სიმართლე გითხრათ, ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი, რაზეც თუ შეიძლება ითქვას, რომ თანხმობა შედგა, იყო ის, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისეთ ფარგლებში, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. აი, ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენ შორის დარჩება, ბუნებრივია. ჩემს გუნდსაც გავაცანი ზოგადად საუბრის შინაარსი, ახლა მაქვს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან", - განაცხადა ალასანიამ.
 
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოალიცია ქართული ოცნების 5 ნოემბრის სხდომა იმ მიზეზით დატოვა, რომ მას ყოფილიპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. მაშინ ალასანიამ განაცხადა, რომ "აქ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ". ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ კი თქვა, რომ თავისუფალი დემოკრატები ივანიშვილის შეკითხვებმა გააღიზიანა.
 

კომენტარები