კრიზისი კოალიციაში

თავისუფალი დემოკრატები ადასტურებენ, რომ გუშინ ალასანია ივანიშვილს შეხვდა

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრები დავით ონოფრიშვილი, გია ცაგარეიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ადასტურებენ, რომ გუშინ ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრა ორივე მხარის ინიციატივით გაიმართა. ის არ აკონკრეტებს, სად შედგა შეხვედრა. 

"ასეთ შეხვედრებზე მიზნებს არ აცხადებენ. მე ერთი ვიცი, რომ გუშინ, ორივე მხარის თანხმობით შედგა შეხვედრა, ნამდვილად იყო. შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია და რაც ქვეყნისთვის კარგია, ისე უნდა წავიდეს თავისთავად საქმე", - ამბობს ონოფრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოალიცია ქართული ოცნების 5 ნოემბრის სხდომა იმ მიზეზით დატოვა, რომ მას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. მაშინ ალასანიამ განაცხადა, რომ "აქ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ". ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ კი თქვა, რომ თავისუფალი დემოკრატები ივანიშვილის შეკითხვებმა გააღიზიანა.

კომენტარები