კრიზისი კოალიციაში

ხმალაძე: მე არ ვიტყოდი, რომ შეიქმნა საპარლამენტო კრიზისი

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, თავისუფალი დემოკრატების უმრავლესობიდან გასვლა საპარლამენტო კრიზისს არ ქმნის. მისი თქმით, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ აღარ იარსებოს უმრავლესობის სტატუსის მქონე გაერთიანებამ.

"მე არ ვიტყოდი, რომ შეიქმნა საპარლამენტო კრიზისი, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ აღარ იარსებოს უმრავლესობის სტატუსის მქონე გაერთიანებამ. უმრავლესობა ითვლება შექმნილად იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციათა ერთობაში პარლამენტის 76 წევრი იქნება – ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას უმცირესობაც. თუ უმრავლესობა არ შეიქმნა, ვერ შეიქმნება უმცირესობაც. ასეთია რეგლამენტის მოთხოვნა. მე არ მგონია, რომ ასეთი ვითარება შეიქმნას და რომც შეიქმნას, არ არის პრობლემა, პარლამენტი იმუშავებს ჩვეულებრივად. ისევე როგორც დღეს ხდება მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა უმრავლესობის ფარგლებში ფრაქციებს შორის, გაგრძელდება შეთანხმებები ფრაქციებს შორის, თუნდაც ისინი არ იყვნენ გაერთიანებული უმრავლესობაში. თავისუფალი დემოკრატების ფრაქციასთან იქნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ რესპუბლიკელების ფრაქციას, რომლებიც იდეოლოგიურად ახლოს არიან თავისუფალ დემოკრატებთან, ასევე მათ ექნებათ თანამშრომლობა უმრავლესობაში შემავალ სხვა ფრაქციებთანაც", - განაცხადა ხმალაძემ. 

ცნობისთვის, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები უმრავლესობიდან გავიდა.

კომენტარები