კრიზისი კოალიციაში

უგულავა:ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია და ის სულ უფრო ბრუტალური იქნება

Gigi Ugulava
Tabula

"ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია, შესაბამისად ის სულ უფრო ბრუტალური იქნება. სამთავრობო კრიზისის შედეგად სააშკარაოზე გამოვიდა ის, რასაც ჩვენ ორი წელია ვაცხადებთ და ვებრძვით: ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს. ქვეყანაში მძვინვარებს პოლიტიკური ანგარიშსწორება. ოპონენტების მიმართ, მიმდინარეობს პროევროპული ოპოზიციის მიზანმიმართული განადგურება. თუ ოლიგარქი ივანიშვილი ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენ ყველამ ერთად არ გავაჩერეთ დღეს, ხვალ შესაძლოა გვიანი აღმოჩნდეს," - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას facebook-ის გვერდზე ვკითხულობთ.

უგულავა თავის განცხადებაში ირაკლი ალასანიას და თავისუფალ დემოკრატებს მოუწოდებს არ იდავონ წარსულზე, რომლის შეფასებებში ვერასდროს შეთანხმდებიან. მისი აზრით ამის დრო არ არის, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი, საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი წყალში იყრება.

"როგორც ძველ მეგობარს და ერთ დროს კონკურენტს გთავაზობთ, ნუ ვიდავებთ წარსულზე, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით რადგან დღეს ამის დრო უკვე აღარ არის. ცალსახად ვხედავთ რომ წყალში იყრება დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი, საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი," - ვკითხულობთ განცხადებაში.

უგულავას აზრით, ივანიშვილის ინტერესშია დაქსაქსოს ევროპული საქართველოს იდეის ერთგული პარტიები და ისინი სუსტ უტოპისტებად წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე. 

"სულ მალე, როცა ივანიშვილის უნაყოფო ლეღვის ხეს უკანასკნელი ფოთოლი, „რესპუბლიკელები“ გახმება და ჩამოვარდება, ივანიშვილის „ოცნება“ ღია ალიანსში შევა ბურჯანაძისა და ინაშვილის რუსულ პარტიებთან (ეს უკანასკნელები ოცნების ყველაზე შავრაზმული კონტიგენტით ფრაქციასაც კი შექმნიან, მაგალითად ჯაჭვლიანი, ქანთარია და ა. შ.) და ისინი ერთხმად აუცილებლად დაიწყებენ საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარს, რაც ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს," - ვკითხულობთ უგულავას facebook-ის გვერდზე.

კომენტარები