კრიზისი კოალიციაში

უსუფაშვილი: უნდა მოვახერხოთ პროკურატურის დაცვა პოლიტიკური გავლენებისგან

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "უნდა მოვახერხოთ, რომ სამართალდამცავი სისტემა, მათ შორის, პროკურატურა იყოს დაცული პოლიტიკური გავლენებისგან ან პოლიტიკურ ეპიცენტრში აღმოჩენისგან". დავით უსუფაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს განცხადებები შეაფასა. ცნობისთვის, საგამოძიებო უწყება და თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთს გრიფი საიდუმლოს საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. ირაკლი ალასანიამ კი საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.

"ამ პროცესში გამოიკვეთა ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზეც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ, საქმე ეხება სამართალდამცავი სისტემის, კერძოდ, პროკურატურის უკეთ დაცვას პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან, ამ მიმართულებით ძალიან მალე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის რომ იუსტიციის მინისტრს, იმ თანამდებობის პირს, ვის უშუალო უწყებრივ დაქვემდებარებაშიც არის პროკურატურა, მიეცეს სათანადო სამართლებრივი ბერკეტები, რომ მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეებს არ უწევდეს პოლიტიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება ან რამე პოზიციის დაფიქსირება, რაც არ არის სასარგებლო არც მართლმსაჯულებისთვის და არც პოლიტიკური პროცესებისგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ სამართალდამცავი სისტემა, მათ შორის, პროკურატურა იყოს დაცული პოლიტიკური გავლენებისგან ან პოლიტიკურ ეპიცენტრში აღმოჩენისგან. ამ კონკრეტულ საქმეში, ამ კონკრეტულ პოლიტიკური მოვლენების ჯაჭვში, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და გავაუმჯობესოთ მუშაობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები