კრიზისი კოალიციაში

კალაძე: თავისუფალი დემოკრატები ბიძინა ივანიშვილის კითხვებმა გააღიზიანა

ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატების გაღიზიანება პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კითხვებმა გამოიწვია. ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კითხვები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა. კალაძემ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტსაბჭოს სხდომაზე კოალიციამ მიიწვია.

"გულდასაწყვეტია, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს კოალიცია. მე ადამიანურად გული დამწყდა, იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან ერთად ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ. რთული იყო, წინა ხელისუფლების პირობებში ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩაგეტარებინა. რამ გამოიწვია გაღიზიანება - ეს იყო კონკრეტული კითხვები, რომელიც დასვა ბიძინა ივანიშვილმა. ბატონი ბიძინა მოწვეული იყო ჩვენი ინიციატივით, იმიტომ რომ ის გახლდათ ამ კოალიციის დამფუძნებელი", - განაცხადა კალაძემ.

კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისი გუნდის წევრებმა რამდენიმე წუთში დატოვეს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, ისინი ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულან. მანვე განაცხადა, რომ პარტიამ კოალიცია დატოვა.

კომენტარები