კრიზისი კოალიციაში

ალასანია: კოალიცია დავტოვეთ, აქ ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ

თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნება დატოვეს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისმა გუნდმა აღნიშნული სხდომა დაახლოებით ათ წუთში პროტესტის ნიშნად დატოვა. პარტიის წევრების თქმით, შეხვედრაზე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დახვდათ. როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავისუფალი დემოკრატები პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულან.

"არ შედგა ისეთი საუბარი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ ძალიან ცივილურად ჩვენ დავემშვიდობეთ ჩვენს პარტიორებს, კოალიციაში აღარ იქნება თავისუფალი დემოკრატები. რაც შეეხება დისკუსიებს, ის სამწუხაროდ, ვერ შედგა, აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ აქ ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან. აქ მე დაგეგმილი მქონდა, ჩემი კოალიციის აწ ყოფილ პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადადგა თავისუფალმა დემოკრატებმა, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები, სამწუხაროდ, ასეთი საუბარი არ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება თავისუფალ დემოკრატებს მისცემს შანსს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა", - განაცხადა ალასანიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დატოვების შემდეგ.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ივანიშვილი კოალიციის გუშინდელ სხდომაზეც იმყოფებოდა.

კომენტარები