უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს უშიშროების საბჭოს მოწვევას გეგმავს. ამის შესახებ მან ორშაბათს უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა. პოროშენკოს შეფასებით, დონბასში ფსევდოარჩევნები 5 სექტემბრის მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა. სხდომაზე პრეზიდენტი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გარკვეული რაიონებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის გაუქმების ინიციატივით გამოვა.
"უშიშროების საბჭოზე ჩვენ გავაანალიზებთ არსებულ მდგომარეობას და ჩვენი მოქმედების სცენარში ყველა აუცილებელ ცვლილებას შევიტანთ, გამომდინარე როგორც ოპტიმისტური, ასევე პესიმისტური პროგნოზებიდან. ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც უშიშროების საბჭოზე ვაპირებ, არის დონეცკისა და ლუგანკის ოლქის გარკვეული რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის გაუქმება. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ახალი კანონი, რომელიც ყველა მხარისგან მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებას გულისხმობს. ცეცხლის შეწყვეტის შეჩერების შემთხვევაში კი ახალი კანონით შეიქმნება ბუფერული ზონა და ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით გასაგები გახდება, რომ 2 ნოემბერს ე.წ. არჩევნების ჩატარება ბოევიკების უკან დახევას ნიშნავს. ახალი კანონით ასევე გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია, რაც საშუალებას მისცემს ამ რაიონებს, საკუთარი რესურსებით დააფინანსონ საკუთარი თავი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის შევსებაც, მათ შორის, უცხოელი პარტნიორების მეშვეობით მოხდება, უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის აღდგენას. ახალი კანონით კი დონბასში, უკრაინული მმართველობის აღდგენის შემთხვევაში, დამყარდება მშვიდობა, სიმშვიდე და უსაფრთხოება. დროთა განმავლობაში პარლამენტს შევთავაზებ დონბასში ევროკავშირთან და რუსეთთან ვაჭრობის სპეციალური რეჟიმის პირობებით თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის კანონის მიღებას", - თქვა პოროშენკომ.
პოროშენკო მინისტრთა კაბინეტის სრულ განახლებასაც გეგმავს, თუმცა პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ არსენი იაცენიუკი მოიაზრება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნები ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში 1 ნოემბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკების პრეზიდენტების პოსტზე ალექსანდრ ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკიმ გაიმარჯვეს. არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთი ფედერაციამ. კიევში კი დონბასში ჩატარებული ე.წ. არჩევნები უკანონოდ ცნეს. ამავე პოზიციაზე არიან დასავლური ქვეყნები.





