რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კარასინი: პუტინსა და მარგველაშვილს შორის შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია

გრიგორი კარასინი

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია. რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა თქვა.

„ახლა საჭიროა იმაზე საუბარი, რომ ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობა იმ სფეროებსა და დარგებში დავალაგოთ, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც, მოგეხსენებათ, თბილისმა გაწყვიტა 2008 წელს“, - აღნიშნა კარასინმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კუთხით სამუშაოები მიმდინარეობს და არსებობს კონკრეტული რეზულტატებიც.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ ურთიერთთანამშრომლობის ამ ხაზის გაგრძელებას. იმაზე,  თუ როგორ განვავითარებთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებს, დამოკიდებულია მომავალში უმაღლესი დონის შეხვედრებზე მუშაობის შესაძლო დაწყებაც“, - აღნიშნა კარასინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს, 28 ოქტომბერს, გადაცემა არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. საკუთარი პოზიცია პრეზიდენტმა პუტინთან სავარაუდო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დააფიქსირა. 

"მზად ვართ პუტინთან შესახვედრად, თუ ეს შეხვედრა იქნება იმ თემებზე, რომელიც ეხება საქართველოს და რომელიც ეხება რუსეთს. საქართველო არის რუსეთის აგრესიის ქვეშ... [ფორმატმა] სადაც საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით საუბრობენ, მეტი სიმძაფრე და სიმკვეთრე უნდა მიიღოს", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მან ასევე დაამატა, რომ ამჟამად არსებული სიტუაცია იძლევა ამ თემის გააქტიურების შესაძლებლობას. 

კომენტარები