თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ადვოკატი: თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავება ტრაქტორების საქმეს ჰგავს

ლევან სამუშია, ადვოკატი
Levan Samushia/Facebook.com

ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმე და ე.წ. ტრაქტორების საქმე ერთმანეთს ბუნებითა და მტკიცებულებებით ძალიან ჰგავს. სამუშიას თქმით, ე.წ. ტრაქტორების საქმეზე დაკავებულების ინტერესებსაც თავად იცავდა.

"მე ტრაქტორების საქმეშიც ვმონაწილეობდი. ეს საქმეები ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ აღნიშნულთან დაკავშირებით. საქმეები ერთმანეთს ჰგავს თავისი ბუნებით და თავისი მტკიცებულებებით. ახლაც ანალოგიურ ბრალზეა საუბარი, რაც პროკურატურის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან ჩანს. მე ვაკეთებ სამართლებრივ შეფასებას", - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ლევან სამუშია მიიჩნევს, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო უნდა მოეხსნას.

ამ წუთებში ე.წ. მოდულის შენობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები გუშინ დააკავა. დაკავებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია სილქნეტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, "ტენდერის ყველა ეტაპზე, სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან". სილქნეტი აღნიშნავს, რომ დღეისათვის კომპანია მუშაობს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით". უწყება გაფლანგვის ბრალდებით მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შესყიდვების სისტემის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. ამასთან, სამინისტრო გამოდის ინიციატივით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ სახელმწიფო შესყიდვას გრიფი საიდუმლო მოეხსნას.

კომენტარები