პრემიერის გამოსვლა

პრემიერი: სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია, რომ ახალი მავთულხლართებია გაბმული

ტაბულა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ის, რაც ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, უმძიმესი საკითხი ჩვენთვის - თითოეული ქართველისთვის, თითოეული მოქალქისთვის". როგორც მან მთავრობის საქმიანობის ორი წლის შეფასებისას აღნიშნა, "ეს არის ის, რაც დაგვიტოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, სწორედ რომ დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიძულვილის ენას, მათ გაუაზრებელ ნაბიჯებს, პირველ რიგში, სააკაშვილის და დაუბალანსებელ პოლიტიკას მოჰყვა, უგუნურ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას მოჰყვა, და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, მეგობრებო, ის, რომ დღეს საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართებია გაბმული". მისივე თქმით, "ოკუპირებულია წლობით ნალოლიავები, ნაფერები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა".

"ეს როდის მოხდა? ხომ ახლა მოხდა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. წინა ხელისუფლების პირობებში... მაგრამ ჩვენ ჩვენი საღი გონებით, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, კონსტრუქციულობით, პროგნოზირებადი მიდგომით,  მაგრამ პრინციპულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ ჩვენს მთავარ ოცნებას, თითოეული მოქალაქის მთავარ ოცნებას, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ნდობის აღდგენა, ამას ითხოვს ჩვენგან 21-ე საუკუნის პოლიტიკა. და ის გზა, რასაც მე ვუწოდე საქართველოს ოქროს შუალედი, ეს არის ერთი მხრივ დაბალანსებული პოლიტიკა, ხოლო მეორეს მხრივ, განვითარებული და წარმატებული ეკონომიკა, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სოფლის ეკონომიკა, რომელიც მიმზიდველი ხდება ჩვენი ძმებისთვისაც", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები