მოხის მეჩეთი

სადავო მეჩეთის წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგე განაცხადა. კომისიის მუშაობაში სპეციალისტები ჩაერთვებიან და გადაწყვეტილებას მათი დასკვნის მიხედვით მიიღებენ.

ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილობრივი მუსლიმების ინფორმაციით, დღეს შენობის დემონტაჟის გაგრძელება იგეგმება, რასაც სოფელში სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვება. სახალხო დამცველის შეფასებით, საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვა აუცილებელია, მანამდე კი დემონტაჟის პროცესი უნდა შეჩერდეს. ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება 22 ოქტომბერს პოლიციელების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტზე.

დაპირისპირება სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს დაიწყო. ადგილობრივმა მუსლიმურმა თემმა მეჩეთის დემონტაჟის დაწყება გააპროტესტა. სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აცხადებდა, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს.

მეჩეთი მუსლიმებს საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა და დღეს ნახევრად დანგრეულია. მუსლიმები აცხადებენ, რომ მათ პრემიერისგან დაპირება მიიღეს, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა და დემონტაჟი არ დაიწყებოდა, თუმცა სამუშაოები გაგრძელდა. მუსლიმური თემი სახელმწიფოსგან წლებია ითხოვს საკულტო შენობის დაბრუნებას.

კომენტარები