მოხის მეჩეთი

სამუფთო: ე.წ სადავო შენობის წარმომავლობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია

სამუფთო სამმართველო
facebook.com/SruliadSakartvelosMuslimtaSammartvelo

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მოხის კომისიას "კონფესიურ წარმომავლობასა და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია".

სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, ორი წლის წინ, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდგარი ე.წ სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად შექმნილი კომისიის წევრია. 

"დღეს 2016 წლის 3 ნოემბერს ახალციხეში გაიმართა „მოხის კომისიის" სხდომა, სადაც კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე . მუსლიმ თემზე შესთავაზებული იქნა ორი ვარიანტი ლოცვის პრობლემის მოხსნასთან დაკავშირებით: 1. სოფელში არსებული სამლოცველო შენობის მესაკუთრისგან გამოსყიდვა და მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემა, 2. სოფლში ცენტრალურ ადგილას გამოიყოს მიწის ნაკვეთი მეჩეთის აშენებისათვის. რაც შეეხება ე.წ. სადაო შენობას.

კომისიას მის კონფესიურ წარმომავლობასა და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ მის სამომავლო დაცულობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია სამუფთო სამმართველოს განცხადებაში.

კომისიის სხვა წევრმა, კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ სამხრეთის კარიბჭეს საპირისპირო განუცხადა. მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარი სადავო შენობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა. 

"მოხდება მისი დაცულობა, შენობა იქნება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ", – განაცხადა ნიკა ანთიძემ.

იგივე უთხრა ლიბერალს ნიკა ანთიძემ: "არა, სააგენტო ისტორიულ კვლევას არ გეგმავს. კომისია შეთანხმდა, რომ რომ არც ერთ მხარეს არ გადაეცემა სადავო შენობა. ნაეკლესიარზე აშენდა თუ მეჩეთი იყო, ამაზე აღარც იქნება მსჯელობა, უბრალოდ მომავალ ფუნქციაზე იქნება საუბარი და მის დაცულობაზე".

კომენტარები