საპროტესტო აქცია

კობახიძე: გაუგებარია, ვის უცხადებს ენმ პროტესტს

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შინაარსი გაუგებარია. როგორც მან აღნიშნა, "ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას აქვს მშვიდობიანად შეკრების უფლება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია შინაარსი, რომელსაც დაგეგმილი აქცია ატარებს". ინტერპრესნიუსის ცნობით, კობახიძემ თქვა, რომ "ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ქმედება იყოს საერთაშორისო განხილვის თემა". ვიცესპიკერის განცხადებით, "არ მგონია, რომ ეს პროტესტი სახელმწიფოს და ხელისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული".

"გაუგებარია მათი ეს ქმედება. ჩემი აზრით, სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ ააცილა ქვეყანას პროვოკაცია, მოხდა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. გაუგებარია, დღეს ვის უცხადებენ ისინი პროტესტს, როდესაც სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიმართ აქვს ხალხს და საზოგადოებას პროტესტი, რომელთაც მათი რეჟიმის წნეხი იწვნიეს", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე თბილისში აქციას გამართავს. ენმ-ის განცხადებით, "ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის ღია, თავხედური და პრაქტიკულად დე იურე ანექსიის მცდელობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში - ჩვენ გადავწყვიტეთ, 15 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც იქნება როგორც ხმის მიწვდენა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას".

კომენტარები