არეულობა ეგვიპტეში

აფეთქებას სინაის ნახევარკუნძულზე 30-ზე მეტი ეგვიპტელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

AFP

მანქანის აფეთქებას სინაის ნახევარკუნძულზე 30-ზე მეტი ეგვიპტელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაახლოებით 28 ადამიანი დაშავებულია. თავდასხმა ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ელ არიშის მახლობლად, საგუშაგოსთან მოხდა. კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქში სროლის შედეგად. დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა, რომელიც რეგიონში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა ჯიჰადისტებმა მოაწყვეს.

ეგვიპტური არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს სინაის ნახევარკუნძულზე დაფუძნებული სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც ნახევარკუნძულზე დღემდე განხორციელებულ არაერთ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.

რეგიონში ვითარება საკმაოდ დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2011 წელს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების შედეგად გადააყენეს. ასობით ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა ისლამისტი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად, იმის შემდეგ, რაც ეგვიპტის არმიამ გადატრიალება მოაწყო ყოფილი პრეზიდენტის და მუსლიმი ძმების ლიდერის მოჰამედ მორსის წინააღმდეგ, რამაც 2013 წლის ივლისში მისი ჩამოგდება გამოიწვია.

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ თავდაცვის ეროვნული საბჭოს შეხვედრა დანიშნა, რათა განიხილონ მომხდარი, რომელიც ეგვიპტის მთავრობამ უკვე შეაფასა, როგორც ტერორისტული აქტი.

კომენტარები