მოხის მეჩეთი

პრემიერი ქრისტიანებსა და მუსლიმებს მოუწოდებს, დაემორჩილონ კანონს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ქრიატიანებსა და მუსლიმებს მოუწოდებს, დაემორჩილონ კანონს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით, მუსლიმი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა იყო მეჩეთში მუფთისთვის რეზიდენციის მოწყობა. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით მუფტისთვის რეზიდენცია უკვე არსებული მეჩეთის ტერიტორიაზე აშენდებოდა, ძველ მეჩეთში კი ბიბლიოთეკა განთავსდებიდა.

"სოფელში მცხოვრები ქრისტიანები აცხადებენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, შემდეგ დაანგრიეს და მოგვიანებით ააშენეს მუსლიმების სამლოცველო მეჩეთი. შემდეგ უკვე ერთი საუკუნის განმავლობაში ის გადაკეთდა და საბჭოთა კავშირის დროს კულტურის სახლი იყო. დღემდე ეს შენობა აბსოლუტურად უსარგებლო იყო, არავის ყურადღება არ მიუქცევია. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი, კონკურსი. როგორც მე გადმომცეს, გამოცხადდა კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოწყობილიყო ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ როგორც მუსლიმები, ასევე ქრისტიანები, სოფელში მაცხოვრებლები და კარგი კულტურული დაწესებულება მოეწყობოდა. იმის გამო, რომ თავიდან აგვერიდებინა ეს კონფლიქტი, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა აქ ყოფილიყო კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა. ვადასტურებ, მე გადმომცეს მუსლიმების თხოვნა, სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, როცა მე ვიყავი ბათუმში, რომ იქნებ კიდევ ერთხელ განგვეხილა. თუმცა, მე მინდა, შევახსენო ყველას კიდევ ერთხელ და ყველა რელიგიის წარმომადგენელს - ჩვენ, სახელმწიფომ შევქმენით რელიგიის საკითხთა სააგენტო, სწორედ ასეთი საკითხების და არამხოლოდ ასეთი საკითხების შესწავლის მიზნით. ყველა ასეთი საკითხი ჯერ პირველ რიგში უნდა შეისწავლოს რელიგიის საკითხთა სააგენტომ, რომელიც შემდეგ რეკომენდაციის მომართავს მთავრობას თუ რამე გადასაწყვეტი საკითხი იქნება. მსგავსი რამ არ მომხდარა. მე ვესაუბრე მხარის რწმუნებულს, გუბერნატორს, რომელსაც გუშინწინ ჰქონდა კომუნიკაცია ამ რეგიონის მუფთთან. მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ მუფტისთვის მოწყობილიყო იქ რეზიდენცია. ისინი საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ იმაზე, რომ სახელმწიფო გამოყოფდა სახსრებს მუფთისთვის პატარა ზომის რეზიდენციის ასაშენებლად, ამავე სოფელში არსებული მეჩეთის ტერიტორიაზე. მე ვაკონკრეტებ, ამ სოფელში არსებობს უკვე მეჩეთი, ანუ პრობლემა არ აქვთ მუსლიმებს ლოცვის და ა.შ. მე მგონი, ეს ნორმალური, ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, გმობს ყველანაირ ძალადობას და ეს არის მიუღებელი. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ინციდენტის დროს პოლიციის მანქანების დაზიანებას.

"გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროა, და, რა თქმა უნდა, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს არის მიუღებელი, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ - მე მინდა, განვაცხადო, რომ ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე თანაბარი, აბსოლუტურად არავითარი განსხვავება არ აქვს, რომელი მოქალაქე იქნება რომელი რელიგიის კუთვნილების. რა თქმა უნდა, მიუღებელი და დასაგმობია ის, რაც მოხდა გუშინ და ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ - პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით, დამსხვრევა მინების. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მე გუშინ ხელმეორედ მქონდა საუბარი გუბერნატორთან, რომელმაც მითხრა, რომ გაარკვევს ადგილობრივ მოსახლეობასთან და იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე ეს საკითხი მოგვარდება. მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსლიმი მოსახლეობა - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი და თქვენ ხართ ვალდებულნი დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული და არავის მივცემთ საშუალებას, რომ თქვენი უფლება დააზიანოს და შეურაცხყოს მრწამსი თუ სხვა. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და გონივრული გადაწყყვეტილების მიღებისკენ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გუშინ, სოფელ მოხეში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებდა, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება. მომხდარი დაპირისპირების გამო, გუშინ სამართალდამცავებმა 14 ადგილობრივი მოსახლე დააკავეს. 

კომენტარები