მოხის მეჩეთი

მოხის მეჩეთთან მობილიზებულია პოლიცია, დაკავებულია რამდენიმე მუსლიმი

სოფელი მოხე
9arkhi.files.wordpress.com

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი ცოცხალი ჯაჭვით იცავენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოებს, რომელმაც წარსულში მუსლიმური თემის კუთვნილი საკულტო ნაგებობა უნდა დაანგრიოს და იმავე ადგილას კულტურის ცენტრი ააშენოს. ამ დროისთვის შენობის დასუფთავება მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა მალე დემონტაჟიც დაიწყონ.

ტაბულასთან საუბარში სამცხე-ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ და ჭელის მეჩეთის იმამმა ჯამბულ აბულაძემ დაადასტურეს, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა დღეს ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს, რის შემდეგაც პოლიციამ დაუზუსტებელი ინფორმაციით 10-15 ადამიანი დააკავა. ადგილობრივმა მცხოვრებმა ოთარ გორგაძემ ტაბულას განუცხადა, რომ პოლიციამ მამაკაცს შეაგინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე ადამიანი. გორგოძე ტაბულას უყვება, რომ სამართალდამცველებმა მოქალაქეებს, რომლებიც ინციდენტს იღებდნენ, მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და დაუმტვრიეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა ძველი მეჩეთის დასაცავად აქცია 18 ოქტომბერს გამართა. მეჩეთი, საბჭოთა ხელისუფლების დროს აღნიშნულ რელიგიურ ჯგუფს ჩამოერთვა და დღეს ნახევრად დანგრეულია. მუსლიმები აცხადებენ, რომ მათ პრემიერისგან დაპირება მიიღეს, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა და დემონტაჟი არ დაიწყებოდა, თუმცა სამუშაოები გაგრძელდა.

18 ოქტომბრის დილას, როცა კომპანიას სამუშაოები უნდა დაეწყო, მუსლიმები შენობის გარშემო შეიკრიბნენ, რასაც ადგილობრივ ქრისტიანებთან დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეები, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებენ, ამბობენ, რომ შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას არ დაუშვებენ. თავის მხრივ, მუსლიმები აცხადებენ, რომ მეჩეთის "სისხლის ფასად" დაცვას აპირებენ.

როგორც ტაბულა ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, სოფელ მოხეში სამოციან წლებში მაღალმთიანი აჭარიდან მუსლიმები გადმოსახლდნენ. მოსახლეობის უმრავლესობას ისლამის მიმდევრები წარმოადგენენ. ცენტრში 1940 წელს აგებული მეჩეთი დგას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ იძულებით გადასახლებული მესხების აშენებულია. შენობას მაშინდელი მთავრობა ხან საწყობად, ხან ბიბლიოთეკად, ხანაც სოფლის კლუბად იყენებდა. დღეს ის ამორტიზებული და უფუნქციოა.

კომენტარები