აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, ის არ გადაიხედება

Zurab Abashidze
Tabula

აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკაშირებით დღეს ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ფორმატთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.

"ჩვენ ამ ეტაპზე ამ ფორმატის მნიშვნელობას ვუყურებთ ასე - ეს არის კომუნიკაციის არხი, რომელიც რუსეთთან შენარჩუნებული უნდა იყოს. ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, შემდეგი შეხვედრის თარიღი დანიშნული არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ამ ფორმატის გადახედვის აუცილებლობას თუ ვინმე ამიხსნის, რა ლოგიკა დევს ამაში, მე მადლობელი ვიქნები" - განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით ეს ფორმატი შეიქმნა 2012 წლის ბოლოს, დეკემბერში, კომუნიკაციის არხს წარმოადგენს და არ არის მოლაპარაკება.

"ეს არ არის ოფიციალური კონსულტაციები. ეს არის საშუალება იმისა, რათა დროდადრო შევხვდეთ რუსეთის მხარის წარმომადგენლებს და განვიხილოთ პრაქტიკული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ სფეროებთან როგორიც არის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული ურთიერთობები. უფრო რთული თემების განხილვა, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით ხდება ჟენევის კონსულტაციებზე, რომლის ბოლო შეხვედრაც ცოტა ხნის წინ გაიმართა", - განაცხადა აბაშიძემ.

დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან რუსეთის ოფიციალური პოზიცია ე.წ. აფხაზეთის რეჟიმთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით უცვლელია, ის მიიჩნევს რომ აბაშიძე-კარასინის არხი თავის რესურსს წურავს.

კომენტარები