კრიმინალი

საავადმყოფოს პრესსამსახური: ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსის ნატა ხურციძის ინფორმაციით, ლექტორს, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ესროლა, ოპერაცია უტარდება. ხურციძე ტელეკომპანია იმედთან საუბარში უარყოფს ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთან, ტაბულას შსს-ში რამდენჯერმე განუცხადეს, რომ ლექტორი ქალიც და მისი ყოფილი ქმარიც გარდაიცვალნენ. ასევე, 112-ის ინფორმაციით, ილიას უნივერსიტეტში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.

"ახალგაზრდა ქალბატონი შემოყვანილია საავადმყოფოში, აღენიშნება ცეცხლსასროლი ჭრილობები სახისა და თავის მიდამოში. მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია", - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი ნატა ხურციძე. 

შსს-ს ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილმა ქმარმა ლექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს უნივერსიტეტში მიაკითხა, ლექციიდან გამოიყვანა და დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ამასთან, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილი ლექტორის ახლობლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, 
მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა. მათივე ინფორმაციით, წივწივაძე ერთი თვის განმავლობაში სთხოვდა პატრულს, რომ ქმრის მუქარის საწინააღმდეგოდ ზომები მიეღო, თუმცა ამაზე 
რეაგირება არ მომხდარა.

კომენტარები