აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ზურაბ აბაშიძე: ეს იყო ყველაზე მძიმე შეხვედრა აქამდე გამართულ შეხვედრებს შორის

პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. აბაშიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე მძიმე იყო აქამდე გამართულ შეხვედრებს შორის. შეხვედრისას მთავარი თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების პროექტი იყო და პრემიერის წარმომადგენლის თქმით, დისკუსიის მიუხედავად, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ. 

"რადიკალურად განსხვავებული ხედვები გვაქვს, რადიკალურად განსხვავებული შეფასებები. ჩემი მხრიდან ავუხსენი, თუ რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული, რა სირთულეებს შეუქმნის ეს დიალოგს, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. ჩვენი მხრიდან ეს, რა თქმა უნდა, შეფასდება, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართ გადადგმული ნაბიჯი შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებით. აღვნიშნეთ ისიც, რომ მაქსიმალურად შევეცდებით ჩავრთოთ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროცესში", - განაცხადა აბაშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კი განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთთან სამეკავშირეო ურთიერთობის გამარტივებას ისახავს მიზნად და აფხაზეთის სტატუსსა და სუვერენიტეტს ხელს არ უშლის. დასმულ კითხვას, მოაწერს თუ არა რუსეთი საბოლოოდ ამ ხელშეკრულებას ხელს, კარასინმა პასუხი არ გასცა.

კომენტარები