კრიზისი უკრაინაში

მარიუპოლთან დაბომბვას შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლის მახლობლად სოფელი სარტანა პრორუსმა ტერორისტებმა ნაღმმტყორცნებითა და გრადებით დაბომბეს. ამ დროს მცხოვრებლები დასაფლავებაზე იყვნენ შეკრებილნი. დაბომბვის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, დაიბომბა ასევე დებალცევო და უკრაინელი ძალოვნების პოზიციები სხვა მიმართულებებზე.

გასული ღამის განმავლობაში ტერორისტებმა დონეცკის აეროპორტის შტურმის ორი მცდელობა განახორციელეს. თუმცა, ყველა შეტევა მოგერიებულია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. პოროშენკომ და პუტინმა 16-17 ოქტომბერს მილანში დაგეგმილი შეხვედრის შესაძლო ფორმატი და დღის წესრიგი განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოთა მეთაურები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

გუშინ საღამოს კი, კიევის ქუჩებში უკრაინელმა ნაციონალისტებმა, ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორისა და მოხალისეთა ბატალიონ აზოვის ორგანიზებით, მრავალათასიანი მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა საბჭოთა და ფაშისტური ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის აჯანყებულთა არმიის ხსოვნის დღეს მიეძღვნა. აქციას წინ უძღოდა შეტაკება აქტივისტებსა და პოლიციას შორის უმაღლეს რადასთან, რომლის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 50-ზე მეტი აქტივისტი კი დააკავეს. ინციდენტს სამართალდამცავები იძიებენ. 

ქვეყნის უშიშროების სამსახური ასევე იძიებს წინა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ეროვნული გვარდიის სამხედროების მიერ საპროტესტო აქციის გამართვის ფაქტს. უწყების წამომადგენლების განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ სამხედროების პროტესტი რუსული ეფესბეს მიერ  იმართებოდა.

კომენტარები