საავტომობილო გზა რუსეთთან

ალასანია: ავარეთ-კახეთის გზაზე პოზიციას საკითხის განხილვისას დავაფიქსირებთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე ქართულ მხარესთან არანაირი საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო თავის პოზიციას ამ საკითხის განხილვის დროს დააფიქსირებს.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი საუბარი ამ გზის მშენებლობაზე ქართულ მხარესთან არ ყოფილა. მე ვესაუბრე იმ სახელმწიფო მოხელეებს, ვისაც აქვთ ურთიერთობა რუსულ მხარესთან, დიპლომატიური მოლაპარაკებები... არსად ასეთი საკითხი არ დამდგარა. ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია გვაქვს და როდესაც ეს განხილვა შედგება, ჩვენ ამ პოზიციას დავაფიქსირებთ", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები