საავტომობილო გზა რუსეთთან

ხაინდრავა: რუსეთის განზრახვებისთვის საქართველოში არსებული ბაზებიც საკმარისია

ლევან ხერხეულიძე / liberali.ge

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ივლიანე ხაინდრავას შეფასებით, ავარეთ-კახეთის გზის დაგეგმილი მშენებლობა ამ ეტაპზე "რუსული რბილი ძალის" და არა "სამხედრო ძალის მატარებელ" ელემენტს წარმოადგენს. ისიც, უშიშროების საბჭოს მდივნის მსგავსად მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო განზრახვებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბაზები საკმარისია.

"რუსეთი ერთი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის, ეს გასაგებია და ყველა ნაბიჯს, რომელიც მომდინარეობს ჩრდილოეთიდან, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ ამ ეტაპზე და არსებულ ვითარებაში ასეთ გზას მე უფრო განვიხილავდი როგორც რუსული რბილი ძალის ელემენტს და არა როგორც სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტს, იმიტომ, რომ რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთსა და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის. ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვს და ეს სავსებით საკმარისია, ვთქვათ, აგრესიული მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილე არის საჭირო და, ბოლოს და ბოლოს, გზა ვერ შედგება, თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება", - განაცხადა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები