საავტომობილო გზა რუსეთთან

ვოლსკი: ავარეთ-კახეთის გზა საფრთხის შემცველი არ არის, თუ იქ ტანკი არ გაივლის

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დადებითი მოვლენაა. მისივე თქმით, მთავარია, ამ გზაზე ტანკებმა არ გაიარონ.

"ნებისმიერი გზა, ნებისმიერი მიმოსვლა, ურთიერთობა საფრთხის შემცვლელი არ არის თავისთავად, თუ ამ გზაზე ტანკი არ გაივლის. მოლაპარაკებები, ურთიერთობები სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ავარიდოთ საქართველოს საფრთხეები, რომლებიც გარედან შეიძლება მოდიოდეს", - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები