რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ფხალაძე: მარგველაშვილის და პუტინის შეხვედრის საკითხი არ მომწიფებულა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი ჯერ მომწიფებული არ არის", - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ მაესტროს 9-იანში განაცხადა. მან გიორგი მარგველაშვილის Forbes Georgia-სთვის მიცემული ინტერვიუ შეაფასა, სადაც პრეზიდენტი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მისთვის საინტერესო ადამიანს უწოდებს. ფხალაძის განმარტებით, ზოგადად, ქვეყნის პირველი პირი ნებისმიერი შეხვედრისთვის მზად არის, რომელიც ქვეყანას წაადგება.

"პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურასთან მზად არის შეხვედრისთვის, რომელმაც საქართველოს შეიძლება დადებითი მოუტანოს, დაძრას ის მტკივნეული თემები, რასაც ჰქვია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია - წინ წასწიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ა.შ. რაც არ უნდა რთული იყოს ეს შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტი ამას არ გაურბის, თუმცა დღეისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. პრეზიდენტების შეხვედრა არ მზადდება ერთ წუთში. ასეთი სამზადისი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ დაწყებულა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და აღნიშნა, რომ თვითმიზანი "შეხვედრა შეხვედრისთვის" არ უნდა იყოს. 

"მომწიფებული რომ იყოს საკითხი, შეხვედრა შედგებოდა. თუ საკითხი მომწიფდა ისე, რომ რუსეთის ფედერაცია მზად აღმოჩნდება საქართველოს დეოკუპაციაზე და იმ პრობლემების გადაწყვეტაზე სალაპარაკოდ, რომლებიც არსებობს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ის შედგეს. დღეისთვის მსგავსი მზადყოფნა არ არსებობს და, შესაბამისად, შეხვედრაზე საუბარიც არ არის", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

 Forbes Georgia-სთან ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "პუტინი ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, იმედი მაქვს, ის არის რაციონალური, რაციონალური პოლიტიკის მომხრე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში შესაძლებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობის აგება. მე ამის იმედი მაქვს".

კომენტარები