ჟენევის მოლაპარაკებები

ფანჯიკიძე: ახლა ძალის არგამოყენების ვალდებულება უნდა აიღოს რუსეთის მხარემ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება უკვე აღებული აქვს და ახლა რუსეთის მხარემ უნდა აიღოს.

"ეს ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს 2-ჯერ. იგი არის ერთხელ აღებული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, ხოლო შემდეგ გამეორებული საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ. ახლა ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება უნდა აიღოს რუსეთის მხარემ, ამას მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმება და შესაბამისად, რუსეთი არის ვალდებული, აიღოს ეს ვალდებულება თავის თავზე. მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი და მხოლოდ იმაზე, რომ იგივეთი უპასუხოს რუსეთმა საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ აღებულ ვალდებულებას", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებებში შეშფოთება გამოხატა ქართულ მედიაში გავრცელებულ განცხადებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ინფრასტრუქტურის შესაძლო განლაგებას ეხება. "ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია რუსეთის პოზიცია, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია საქართველოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერა. 

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ NATO-ს ბოლო სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეზოლუციებმა საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწეროს საერთაშორისო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ კუთხით ეფექტურ ნაბიჯად განიხილებოდა რუსული პროექტი, რომელიც გულისხმობდა დისკუსიის მონაწილეთა მიერ ძალის გამოუყენებლობაზე საერთო განაცხადის გაკეთებას”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები