სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ მოსკოვს სანქციების შემსუბუქების პირობას უყენებს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთს სანქციების ნაწილი იმ შემთხვევაში მოუხსნას, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში 5 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება შესრულდება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა კიევში ყოფნისას განაცხადა.

"შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მინსკში 5 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება უნდა შესრულდეს. ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ის არ სრულდება. სროლა უნდა შეწყდეს, მათ შორის დონეცკის აეროპორტში, დებალცევოში, სჩასტიეში, უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები და ტექნიკა უნდა გავიდნენ. ყველა მძევალი, მათ შორის რუსეთში დაპატიმრებული ნადეჟდა სავჩენკო, უნდა გათავისუფლდნენ. გვაშფოთებს ის, რომ რუსეთთან საზღვარი ღია რჩება და სანამ სეპარატისტები მასალებსა და აღჭურვილობას იღებენ, მშვიდობა ვერ დამყარდება", - განაცხადა ნულანდმა.

კონფლიქტის ზონაში, უკრაინის უშიშროების საბჭოს ცნობით, გუშინ საღამოდან ე.წ. სიჩუმის დღე გამოცხადდა. თუმცა, სეპარატისტებმა უკრაინულ ძალებს ცეცხლი დღე-ღამის განმავლობაში 50 ჯერ გაუხსნეს. უკრაინის პრეზიდენტი ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ ორგანიზაციის დამკვირვებელთა რიცხვის 1500-მდე გაზრდას მოითხოვს. პეტრო პოროშენკოს აზრით, უპილოტო საფრენი აპარატებით აღჭურვილ დამკვირვებელთა ეს რაოდენობა კონფლიქტის ზონისა და საზღვრის გასაკონტროლებლად საკმარისი იქნება.

კომენტარები