ნობელის პრემია ფიზიკაში

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ იაპონელ მეცნიერს გადაეცა

http://phys.org/

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ იაპონელ მეცნიერს - იცამა აკასაკის, ჰიროში ამანუს და სიუძი ნაკამურას, ახალი ტიპის ლურჯი მანათობელი დიოდის შექმნისთვის მიენიჭათ. ახალი გამოგონება უფრო ეფექტური და ეკონომიური გამნათებლების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რასაც, ნობელის კომიტეტის აზრით, კლიმატის ცვლილებებთან და სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით დიდი გავლენა ექნება. დაჯილდოებული მეცნიერებიდან ორი იაპონიაში, ერთი კი, შეერთებულ შტატებში მუშაობს. 

85 წლის იცამა აკასაკი ასწავლის მეიჯოს უნივერსიტეტსა და ნაგოიას უნივერსიტეტში. 54 წლის ამანუც ასევე ლექტორია ნაგოიას უნივერსიტეტში. ხოლო იაპონიაში დაბადებული, 60 წლის სიუძი ნაკამურა სანტა ბარბარაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ასწავლის. აკასაკის თქმით, მისთვის ხშირად უთქვამთ, რომ მისი კვლევა მე-20 საუკუნეში შედეგს არ მოიტანდა.

„თუმცა მე არასოდეს ვფიქრობდი ასე. უბრალოდ, იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა“, - აღნიშნა მან. 

ნაკამურას განცხადებით კი, მისთვის დიდი პატივია ამ პრემიის მიღება.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი LED განათების ოცნება რეალობად იქცა. იმედი მაქვს, LED ნათურები შეამცირებენ ენერგიის მოხმარებასა და საფასურს მთელ მსოფლიოში“, - თქვა ნაკამურამ.

"ლურჯი LED განათება ფუნდამენტური გამოგონებაა, რომელიც სწრაფად ცვლის იმ გზას, რომლითაც ყოველ სახლს, ქუჩას თუ სამუშაო გარემოს ვაწვდით შუქს - პრაქტიკული აღმოჩენა, რომელიც ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნის შედეგია“, აღნიშნა ფრედერიკ დილამ, ამერიკული ფიზიკის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ნობელის პრემიას ქიმიაში გამოაცხადებენ ოთხშაბათს, ლიტერატურაში - ხუთშაბათს, მშვიდობის დარგში - პარასკევს, ხოლო ეკონომიკის - ორშაბათს.

ნობელის პრემიებს გამარჯვებულებს გადასცემენ 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის სიკვდილის წლისთავზე. პრემიის გარდა, ყოველი ლაურეატი მიიღებს დიპლომსა და ოქროს მედალს.

კომენტარები