ყოფილი ხელისუფლება

მარგველაშვილი: წინა ხელისუფლების წევრთა სასამართლო პროცესები მეც მაღელვებს

"წინა ხელისუფლების წევრთა სასამართლო პროცესები მეც მაღელვებს და მზად ვარ მოვუსმინო კოლეგებს", - ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტს ჰკითხა, როდესაც აშშ-ში მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიგეგმება, როგორ აპირებს, გაუმკლავდეს სკეპტიკოსებს ვაშინგტონში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველო წარსულითაა შეპყრობილი. ეს კითხვა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე დაისვა.

"როდესაც თქვენი სამუშაო ვიზიტი დაიგეგმება ვაშინგტონში, რაც იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მოხდება, როგორ აპირებთ, გაუმკლავდეთ სკეპტიკოსებს, რომელნიც კვლავ არიან ვაშინგტონში და ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო მეტადაა შეპყრობილი წარსულით, ვიდრე მომავლით?" - მიმართა ნორლანდმა მარგველაშვილს.

"გამოწვევა არსებობს და ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ ამას. ვხედავთ, რომ ჩვენი ძვირფასი მეგობრები ევროპასა და ამერიკაში, რომლებიც მართლაც საქართველოს მეგობრები არიან და ბევრი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატებისთვის მიეღწია - მაგალითად, წელს, ასოცირების ხელშეკრულებისთვის, უელსის სამიტზე - ღელავენ სპეციფიკურ საკითხებზე, რომლებიც დღეს წინა ხელისუფლების წევრთა სასამართლო პროცესებს ეხება. ჩემი პასუხი ამ საკითხზე არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს საკითხი და მზად ვარ, ყურადღებით მოვუსმინო ჩემს კოლეგებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები