ზვიად ჯანყარაშვილი

აგულაშვილი: ჯანყარაშვილის მუშაობა პარტიის შესაფასებელია

soundcloud.com
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, ზვიად ჯანყარაშვილის ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად დანიშვნის გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო და მის მუშაობასაც პარტია შეაფასებს.

"პარტიის ნებაა. პარტიამ ამით მოიგო თუ წააგო, ეს გამოჩნდება. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის როლს ნაკლებად ვხედავ. მე თუ ვერ ვმუშაობ, ჩემი პარტია გადაიხდის ამის საფასურს. ჯანყარაშვილი თუ კარგად იმუშვებს, ეს კარგი იქნება პარტია ქართული ოცნებისათვის, აქ საზოგადოებისთვის რაიმე საფრთხის შემცველს ვერაფერს ვერ ვხედავ მე", - განაცხადა აგულაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზვიად ჯანყარაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესაობის შესახებ საუბრისას აგულაშვილმა განმარტა, რომ "ძალიან პატარა ქვეყანა ვართ საიმისოდ, რომ ერთმანეთის ნათესავები არ ვიყოთ". გადაცემა ანატომიის ავტორის, ნათია მიქიაშვილის ბრალდება კი, რომ ჯანყარაშვილი ბიზნესების გადანაწილებაში მონაწილეობდა და ამ თემაზე გადაცემის მომზადების გამო ემუქრებოდა, აგულაშვილს დამაჯერებლად არ ეჩვენება.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელ მდივნად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი გუშინ, 6 ოქტომბერს დაინიშნა.

ზვიად ჯანყარაშვილმა გენინსპექციის უფროსის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში მისი და ღარიბაშვილის ნათესაობის გამო სპეკულაციების თავიდან აცილების მიზეზით დატოვა. იგი პრემიერმინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია და გენინსპექციის ხელმძღვანელად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

ნათია მიქიაშვილმა კი ზვიად ჯანყარაშვილი მუქარაში მიმდინარე წლის სექტემბერში დაადანაშაულა. მიქიაშვილის თქმით, ის საქართველოში ბიზნესების გადანაწილების შესახებ ამზადებდა გადაცემას, რომელშიც ზვიად ჯანყარაშვილი ფიგურირებდა, რის გამოც მას ჯანყარაშვილმა ჯერ გადაცემის შეჩერება მოსთხოვა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში "შესაბამისად მოექცეოდა". ამ ფაქტს მოგვიანებით ჯანყარაშვილმა უსაფუძვლო უწოდა და მიქიაშვილი უზნეო ადამიანად მოიხსენია, რომელიც თვითდამკვიდრებას ცდილობს.

კომენტარები