ზვიად ჯანყარაშვილი

კილაძე: ჯანყარაშვილთან დაკავშირებულ გამოძიებაზე მოწმის სახით დამკითხავენ

primerinfo.ge

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორს ელისო კილაძეს ხვალ, 12:00-ზე თბილისის პროკურატურაში დაკითხავენ. როგორც კილაძემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, ზვიად ჯანყარაშვილთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე მოწმის სახით დაიბარეს. კილაძის თქმით, არ იცის, გამოძიებას კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით ექნება მასთან კითხვები. ამასთან, მთავარ პროკურატურაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტაბულას არ უთხრეს, დაიწყო თუ არა ჯანყარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება და რა საქმეზე დაიბარეს ელისო კილაძე.

"დღეს დილით დამიკავშირდა ქალაქ თბილისის პროკურატურის გამომძიებელი. მან მითხრა, რომ ზვიად ჯანყარაშვილთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მე, როგორც მოწმემ, უნდა მივცე გარკვეულ საკითხებზე ჩვენება. შევთანხმდით, რომ ხვალ 12 საათზე ვიქნები ქალაქ თბილისის პროკურატურაში. რა კონკრეტულ საქმეს ეხება ეს, ჯერჯერობით არ ვიცი. ეხება თუ არა ეს ჩემს გაზეთში გამოქვეყნებულ იმ მასალებს, რომელიც ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული სკანდალი იყო, ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნეს წილებს, ხორცის ბიზნესთან დაკავშირებულ სკანდალს თუ კაზინო აჭარასთან, ამ დეტალებზე საუბრი შემეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაკითხვიდან დავბრუნდები, მაგრამ სავარაუდოდ, მე ვფიქრობ, რომ ჯანყარაშვილის პერსონამ ძალიან შეაწუხა ქართული ოცნება ზოგადად, იმიტომ რომ ის გახდა მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლების. პრობლემა გახდა როგორც პრემიერ ღარიბაშვილისათვის, ისე ბიძინა ივანიშვილისათვის, იმიტომ რომ ზვიად ჯანყარაშვილის სახელს უკავშირდება ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალები" - განაცხადა კილაძემ ტაბულასთან საუბარში. 

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. 2014 წლის აპრილში მან თანამდებობა დატოვა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა, პრემიერთან ნათესაური კავშირი სპეკულაციების საგანი გამხდარიყო.

2014 წლის ოქტომბერშივე ჯანყარაშვილი პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. მან ეს პოსტი 6 დეკემბერს დატოვა.

კომენტარები