ზვიად ჯანყარაშვილი

ჯანყარაშვილის ადვოკატი: ბინძურ კამპანიაში ვინც მონაწილეობას მიიღებს, დაისჯება

ზვიად ჯანყარაშვილი

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის და ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ჯანყარაშვილზე ცილისმწამებლური კამპანიაა დაწყებული და ამიერიდან, ვინც მასში მონაწილეობას მიიღებს, კანონის შესაბამისად სრული სიმკაცრით დაისჯება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ბინძური კამპანია" მიმართულია არა მხოლოდ ჯანყარაშვილის მიმართ, არამედ დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც, როგორც ჩანს და ირკვევა, კარგად ორგანიზებულ პირთა ჯგუფის მიერ არის დაგეგმილი, ეტაპობრივად ხორციელდება და მიზნად ისახავს ზვიად ჯანყარაშვილის დისკრედიტაციას.

სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის უშუალო მონაწილეები ხშირ შემთხვევაში არიან ე.წ. ჟურნალისტები და ვაი ბიზნესმენები, რომლებიც არ იშურებენ ძალას, ენერგიას და დროს, რომ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის თუ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, გაავრცელონ გამოგონილი ისტორიები, რისთვისაც კეკლუცობენ და ჭორაობენ სხვადასხვა მედიასაშუალებებით. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ არა ერთი სიბინძურე და ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რაზეც მოხდა რეაგირება და შემდგომში ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს - აუცილებლად მოხდება რეაგირება თითოეულ ფაქტზე და ყველა სუბიექტი, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ ბინძურ კამპანიაში, პასუხს აგებს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით.

ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით კონკრეტული ფიგურანტებით, რომლებიც აშკარად არიან გამოკვეთილი და დაკავებული არიან ბინძური ცილისმწამებლური კამპანიით - ელისო კილაძე, რომელმაც არა ერთხელ ახსენა ზვიად ჯანყარაშვილი და "ამხილა" კორუფციულ გარიგებებში, საქმე ეხება კაზინო "აჭარასთან" დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, ასევე ბევრ სხვა ეპიზოდს; ირაკლი კორძაია, რომელიც ასევე აწარმოებს გაუგებარ კამპანიას, ავრცელებს სპეკულაციურ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს და "იმუქრება" მტკიცებულებების გამოქვეყნებით (თუმცა აქამდე ლაპარაკის გარდა, არაფერი არ უნახავს საზოგადოებას), ვინმე ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი, რომელსაც სათანადო პასუხი გაეცა ბიზნესომბუდმენის აპარატიდან, ასევე ვინმე ბიზნესმენი დავით აფხაზავა, რომელიც საინფორმაციო პორტალ "ფრეშ-ნიუსში" ყვება გამოგონილ ისტორიებს და ლეგენდებს. ეჭვი გვაქვს, ხვალ და ზეგ კიდევ გამოჩნდებიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც გამოგონილი ისტორიებით შეეცდებიან, ჩირქი მოსცხონ ზვიად ჯანყარაშვილის სახელს, პატივს და ღირსებას; ჩვენ მოვუწოდებთ ამ პირებს, დაუყოვნებლივ წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები და მტიცებულებები, ასევე შეწყვიტონ მიზანმიმართული არაკანონიერი ქმედებები და თავისი "შელახული" უფლებების და ინტერესების დასაცავად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე.

ზემოთქმული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ პიარ-აქციასთან, რომელიც აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს, ჩვენ არ ვაპირებთ სხვადასხვა მედიასაშუალებებით ჭორიკნებს და ვაი ბიზნესმენებს გავცეთ პასუხი მათ მიერ გამოთქმულ აბსურდზე და სისულელეზე, არამედ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვიმოქმედებთ, რის გამოც ვხსნით სამართლებრივ სივრცეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და თვითონვე მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალური განცხადებით, რომ დაიწყონ გამოძიება ზემოაღნიშნული პირების მიერ გავრცელებულ ყველა განცხადებაზე - მათ აუცილებლად მოუწევთ კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა და გავრცელებული ცნობების დადასტურება ან მთელი სიმკაცრით კანონის წინაშე პასუხისგება.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დაწყებული ბინძური კამპანია მიმართულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის - ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ, არამედ, ჩვენი აზრით, შორს მიმავალი გეგმები აქვს - მიზნად ისახავს დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას, რაც პირადად ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ორგანიზებული ჯგუფის ქმედებების კანონიერება სათანადო დონეზე იქნება შესწავლილი და ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში იქნება მიცემული", - თქვა დიმიტრი გაბუნიამ.

კომენტარები