ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

კალაძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ტრაგედიას არ წარმოადგენს

კახი კალაძის თქმით, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ტრაგედიას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მისი დამოკიდებულება ახალაიასა და სააკაშვილის მიმართ ნეგატიურია, თუმცა თვლის, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე ასეთი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. 

“რაც შეეხება რეზოლუციას, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი დადებითი იყო ჩაწერილი და ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა იყო. კონკრეტულად ჩემი დამოკიდებულება ახალაიასა და სააკაშვილის მიმართ არის ნეგატიური, რადგან ამ კონკრეტული პიროვნებების მიმართ არსებობს ძალიან მძიმე კითხვები, რომლებზეც მათ უწევთ და მოუწევთ პასუხის გაცემა მომავალშიც. თუ მათ სასამართლო გაამართლებს, ეს იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. დაველოდოთ ამ პროცესის დასრულებას. წინასწარ ასეთი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ", - ამბობს კალაძე.

კომენტარები