ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

ფანჯიკიძე: რეზოლუციის პოზიტიური ელემენტები ნეგატიურს გაანეიტრალებდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში იმდენი პოზიტივია, რომ მასზე ყურადღების გამახვილებით ნეგატიური ელემენტები აბსოლუტურად განეიტრალდებოდა". ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს დღეს უთხრა.

"თავად რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტი. არ არსებობს 100%-ით პოზიტიური რეზოლუცია. მასში არის რამდენიმე უარყოფითი მომენტიც, მაგრამ ვისურვებდი, პოზიტიური ელემენტებიც ისევე ფართოდ იყოს წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, როგორც აჟღერებენ ხოლმე უარყოფით ელემენტებს. კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალური რამ არის მსგავსი სახის დოკუმენტებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ იმდენი პოზიტივია ჩამოთვლილი, რომ მე ვფიქრობ, მასზე ყურადღების გამახვილებით აბსოლუტურად განეიტრალდებოდა, თუ არ დაიჩრდილებოდა ნეგატიური ელემენტები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

კითხვაზე, რამდენად კარგად იმუშავეს ქართული დელეგაციის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ სხვისი მუშაობის შეფასება მის უფლებამოსილებაში არ შედის. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 1-ელ ოქტომბერს მიიღო. ევროსაბჭო ეჭვს გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და შერჩევით და რევანშისტულ სამართალს მიეკუთვნება. გენერალური ასამბლეა იმედოვნებს, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო პატიმრობის მოთხოვნა არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ევროსაბჭო ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას პატიმრობა არასაპატიმრო ზომებით შეცვალოს. რეზოლუციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი დევნის გარდა, ასევე, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებზეა საუბარი.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს უმცირესობების, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების, მიმართ შეუწყნარებლობა და დისკრიმინაციული ქმედებები. ასამბლეა მიიჩნევს, რომ დამნაშავეები არ უნდა იყვნენ შეწყნარებული და უნდა დაისაჯონ.

კომენტარები