ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

ახალაია: რეზოლუციის შემდეგ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გამიქრა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

"ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გამიქრა", - ამის შესახებ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა. როგორც სასამართლო პროცესზე ახალაიამ აღნიშნა, ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე "არანორმალური ზეწოლის ტალღა წამოვა". 

"მინდა, ევროსაბჭოს რეზოლუციის გამო დიდი გულისტკივილი გამოვხატო. ეს არის დიდი უბედურება. საქართველოზე ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს არ მიუღიათ. ეს არის დიპლომატიურ, კულტურულ ენაზე ნათქვამი ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება და 1000-ჯერ ნაკლები ასახვა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ახალაიამ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ასეთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შევარდნაძის დროსაც კი არ მიუღია. ახალაიას თქმით, რეზოლუციაში მისი სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენებული, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, ევროსაბჭო ხელისუფლებას ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პირდაპირ მოუწოდებს. 

"მე სულ სხვა პრობლემას ვხედავ. ამ რეზოლუციის მიღებამდე და მიღების შემდეგ არაერთი მკვეთრი განცხადება გაკეთდა. ხელისუფლებას აქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ახალაია უნდა იჯდეს ციხეში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული პუნქტი, რომელიც აღკვეთის შეცვლას ეხება, მარტივად გადაწყვიტოს იმით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს. იქნება არანორმალური ზეწოლის ტალღა, რომელიც სასამართლოზე წამოვა. მე თუ მოლოდინი მქონდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, ამ რეზოლუციის შემდეგ გამიქრა. ახლა ყველაფერი მოსამართლის გამბედაობაზეა დამოკიდებული და მე თქვენი გამბედაობის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - მიმართა ახალაიამ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია 1-ლ ოქტომბერს მიიღო. ტექსტში ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეა ეჭვს გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და შერჩევით და რევანშისტულ სამართალს მიეკუთვნება. გენერალური ასამბლეა იმედოვნებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო პატიმრობის მოთხოვნა არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ევროსაბჭო ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას პატიმრობა არასაპატიმრო ზომებით შეცვალოს. რეზოლუციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას სისხლისსამართლებრივი დევნის გარდა, ასევე, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებზეა საუბარი.

კომენტარები