ყურბან-ბაირამი

პრემიერი მუსლიმებს: სახელმწიფო უკომპრომისო იქნება რელიგიურ პროვოკაციებთან

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მიულოცა. პრემიერი დღეს თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მუსლიმებისა და მართლმადიდებლების თანაცხოვრება საქართველოში საუკუნეებს ითვლის.

“ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, სიყვარულის, იმედის, ქველმოქმედების დიდი დღესასწაული და სიამოვნებით ვუერთდები თქვენს სიხარულს. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი ტოლერანტობით. ჩვენი მრავალკულტურული ურთიერთობები  და თანაცხოვრება უნიკალური და უპრეცენდენტოა. ის ორი თუ სამი პროვოკაცია, ხელოვნურად დადგმული პროვოკაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. სახელმწიფო ყოველთვის იქნება უკომპრომისო ასეთ პროვოკაციებთან დაკავშირებით. არავის მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივების უფლებას, მით უმეტეს, რელიგიურ ნიადაგზე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დგას ყველა რელიგური აღმსარებლობის მოქალაქეების გვერდით და ასე იქნება მომავალშიც. 

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონთან ღორი დაკლეს და პანსიონის კარზე მისი თავი განათავსეს. საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნული ფაქტი "პრინციპულად დაგმო" და მას პროვოკაცია უწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, "შესაძლო პროვოკაციაზე მითითებით, ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს რელიგიური კონფლიქტის რეალური სურათი და ის მიზეზები, რომელიც საზოგადოებაში რელიგიურ სიძულვილსა და ძალადობას განაპირობებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილ პანსიონს ფუნქციონირება 15 სექტემბერს უნდა დაეწყო. თუმცა, 10 სექტემბერს, პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების შემდეგ, პანსიონის ფუნქციონირება შეფერხებულია. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პოლიცია ეგუება და არაფერს აკეთებს მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღსადგენად. 

კომენტარები