ფარული მოსმენები

პრეზიდენტი მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადებას არ გამორიცხავს

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი გახდა საუბრის მთავარი თემა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამეტის წევრებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხებთან დაკავშირებით მზადაა შეხვდეს შსს-ს წარმომადგენლებსაც. ამის შემდეგ კი მიიღებს გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს კანონპროექტს თუ ვეტო დაადოს.

"შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ სიღრმისეულად გვესაუბრა იმ კანონპროექტისა და პროცედურების შესახებ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი ჩვენი სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე. მე მოვისმინე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა არგუმენტები, რომლებიც ამ თემის ექსპერტები არიან. ითქვა ძალიან ბევრისიმართლე როგორც ტექნიკური, ისე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებელია მოვისმინო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაც", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება.

„ჩვენ მათ მოვიწვევთ შეხვედრაზე და მოვისმენთ მათ მოსაზრებას. ვნახავთ არსებულ კანონმდებლობასაც და მხოლოდ შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ხედვას იმასთან დაკავშირებით, მოვაწერთ თუ არა ხელს ან დავადებთ თუ არა ვეტოს აღნიშნულ კანონპროექტს", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები