აშშ-ვიეტნამის ურთიერთობები

აშშ ვიეტნამთან იარაღით ვაჭრობაზე შეზღუდვას ნაწილობრივ აუქმებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხელს ართმევს ვიეტნამის ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პხან ბინჰ მინჰს. ვაშინგტონი, 2 ოქტომბერი, 2014 წ.
reuters

შეერთებულმა შტატებმა ათწლეულების განმავლობაში არსებული აკრძალვა ვიეტნამისთვის საბრძოლო იარაღის მიყიდვაზე ნაწილობრივ გააუქმა. ეს ნაბიჯი ვიეტნამის ომიდან თითქმის ორმიცი წლის შემდეგ გადაიდგა. გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვიეტნამის ვიცეპრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს, ვაშინგტონში შეხვედრისას ამცნო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს აშშ-ს, თავის ყოფილ მოწინააღმდეგეს საზღვაო უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა გადასცეს.

ვიეტნამსა და ჩინეთს შორის წლების მანძილზე არსებული დაძაბულობა უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა. ჩინეთს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილზე, რომელიც მინერალური და ენერგორესურსებით არის მდიდარი.

სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ყოფილი საზღვაო პილოტია და ვიეტნამის ომის დროს სამხედრო ტყვე იყო, გადაწყვეტილებას მიესალმა. თუმცა, მან Reuters-ს განუცხადა, რომ საჭიროა, ვიეტნამის მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად დაიწყოს აქტიურად მუშაობა.

აშშ-ის ნაბიჯს Human Rights Watch-ი კრიტიკულად შეხვდა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია წლების განმავლობაში აპროტესტებდა ვიეტნამის მთავრობის მიერ ოპოზიციისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვის ფაქტებს. HRW-ის სპიკერი ჯონ სიპტონი თვლის, რომ ვიეტნამის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების აქტიური დარღვევის ფონზე აშშ-ის გადაწყვეტილება ნაადრევია.

აშშ-სა და ვიეტნამს შორის ურთიერთობა ომის დასრულებიდან 20 წელიწადში, 1995 წელს დალაგდა. ორმხრივმა ვაჭრობამ მას შემდეგ ყოველწლიურად 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები