რუსთავის მერია

რუსთავის მერიის 54 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

www.icn.ge

რუსთავის მერიაში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად 54 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსის თამარ აქუბარდიას თქმით, მერიაში რეორგანიზაცია თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ ამავე კოდექსის მიხედვით, ყოველ 500 ამომრჩეველზე თვითმმართველობის მხოლოდ ერთი თანამშრომელია გათვალისწინებული და რეორგანიზაცია 1-ლ ოქტომბრამდე უნდა გატარებულიყო. რუსთავის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომლების თქმით კი, მათ გათავისუფლების შესახებ განცხადებები მოტყუებით დააწერინეს.

"განცხადებები დავწერეთ, რომ გავთავისუფლებულიყავით და გადავსულიყავით სხვა ვაკანტურ ადგილას. რა თქმა უნდა, მაშინ დაგვთანხმდნენ, მიგვიღეს. შემდეგში, შემთხვევით გავიგეთ, რომ ბრძანება მოვიდა გათავისუფლების შესახებ. მარტო მე არ ვარ, დაახლოებით სამოცამდე ადამიანია", - ამბობს რუსთავის მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი სპეციალისტი ლაშა დიდია.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მამუკა ჩიქოვანის თქმით, მერიის თანამშრომლებს მოტყუებით აწერინებდნენ განცხადებებს.

"პარალელურად, თვითმმართველობიდან და მერიიდან იყო დადასტურება იმის, რომ არავის გათავისუფლებას არ აპირებდნენ და მხოლოდ ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურში გადაჰყავდათ. დღეს უკვე ეს ტყუილი გამჟღავნდა", - ამბობს ჩიქოვანი.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსის თამარ აქუბარდიას ინფორმაციით კი, თანამშრომლებს რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალურად ერთი თვით ადრე, 29 აგვისტოს ეცნობათ.

"სულ 54 შტატი შემცირდა, აქედან თანამშრომელთა 80% ყოფილ მუნიციპალიტეტებში იყო დასაქმებული, მუნიციპალიტეტები კი, ასევე ახალი კოდექსის თანახმად გაუქმდა. რუსთავის მერია ერთი თვის შემდეგ გამოაცხადებს კონკურსს, ტესტირება ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრში ან იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ტესტირებას გაივლის მერიის ყველა თანამშრომელი. ასევე იმ თანამშრომლებს, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდნენ, საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა. ფაქტობრივად, ისინი იღებენ ორი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას და ერთი თვის შემდეგ ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა ისევ იმუშაონ რუსთავის მერიაში", - აღნიშნა თამარ აქუბარდიამ ინტერპრესნიუსთან საუბარში.

 

კომენტარები