ქართული ოცნება

ჯაფარიძე: არ მგონია, რომ ამ მთავრობას რამე მიღწევა ჰქონდეს

მთავრობის ორწლიანი მუშაობა შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურა ჯაფარიძემ. მისი აზრით, მთავრობას ამ დროის განმავლობაში რაიმე მიღწევა არ აქვს.

"მე არ მგონია, რომ რაიმე მიღწევა ჰქონდეს ამ მთავრობას ამ ორი წლის განმავლობაში. ძირითადი გამოწვევა, რომელიც მათ დახვდათ, იყო ეკონომიკის სწრაფი ზრდა, რაც უნდა ყოფილიყო წინაპირობა იმის, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო. სამწუხაროდ, ამ მხრივ გვაქვს ცალსახა უკუსვლა. ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, სამუშაო ადგილები ყოველდღე იკარგება, ინვესტიციები სულ უფრო და უფრო კლებულობს, ამას პლუს, დაემატა კატასტროფული პრობლემა კრიმინალის ზრდის. ასევე დაემატა ის, რომ ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან გვესმის ისეთი კრიტიკა, რომელიც აქამდე საქართველოს მისამართით არასდროს არ გაჟღერებულა. ეს ასევე არის წინაპირობა იმის, რომ მომავალში ინვესტიციები კიდევ უფრო ნაკლები იქნება და ეკონომიკა კიდევ უფრო ნაკლებად გაიზრდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელი საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა პავლე კუბლაშვილმაც შეაფასა.

"დღეს თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ სოციალურ ჯგუფს, რომელიც იტყვის, რომ დადებითად შეიძლება შეფასდეს ქართული ოცნების საქმიანობა. ყველგან არის პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრებული, ამას ემატება კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემები, დაკავშირებული იმასთან, რომ სამუშაო ადგილები კიდევ უფრო მცირდება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ასეთია ხალხის შეფასებები და ეს ჩანს კიდეც საზოგადოებაში", - თქვა კუბლაშვილმა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის ხელისუფლება კოალიცია ქართულმა ოცნებამ გადაიბარა.

კომენტარები