საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტს კვლავ ნინო ბაქაქურის და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს აღნიშნული პირები დასამტკიცებლად ერთხელ უკვე შესთავაზა, თუმცა დეპუტატებმა მათ მხარი არ დაუჭირეს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, ორივე კანდიდატურას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მხარდაჭერა ჰქონდა მიღებული.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (არანაკლებ 76 ხმით), 10 წლის ვადით ირჩევს. მიმდინარე წლის 1-ლ აგვისტოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ბაქაქურს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტებზე ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.





