ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, "ტრაგიკული არაფერია იმაში, რომ პარლამენტმა დღეს ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა". როგორც ბესელიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურები, რომლებიც პრეზიდენტმა წარადგინა, ნდობას იმსახურებენ, თუმცა შესაჯერებელია რამდენიმე საკითხი და ამას პარლამენტი აუცილებლად დაუბრუნდება.
"დამატებითი კონსულტაციები გახდა საჭირო, რათა კანდიდატურებთან დაკავშირებით ყოფილიყო თანხმობა, ეს ფარული კენჭისყრა იყო და, როგორც აღმოჩნდა, ხმები არ იყო საკმარისი. რაღაც დამატებითი საკითხებია, რომლებიც საჭიროებდა დაზუსტებას, ამიტომ კონსულტაციებისთვის ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. მე ამ დეტალებს არ დავაკონკრეტებ. ჩვენ საკითხს ისევ დავუბრუნდებით“, - თქვა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (არანაკლებ 76 ხმით), 10 წლის ვადით ირჩევს. პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ბაქაქურს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურებს პრეზიდენტი პარლამენტს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წარუდგენს.





