ზურაბ ჟვანიას საქმე

ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნინო სანდოძემ დღევანდელ პროცესზე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალა. დაცვის მხარე ჩაჩუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა რევაზ ნადოიმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ლევან ჩაჩუამ გათავისუფლების შემთხვევაში, მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს. 

დღეს დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. ადვოკატების მტკიცებით, ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ლევან ჩაჩუა ბრალდებულია, უკვე ხანდაზმულია. დააკმაყოფილებს თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობას მოსამართლე, ჯერჯერობით უცნობია. 

ექსპერტი ლევან ჩაჩუა მიმდინარე წლის 20 მარტს სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ჩაჩუას ადვოკატი საპირისპიროს ამტკიცებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდება უკანონოა.

კომენტარები