ხანძარი

ნარმანია: ბაზრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, დაზარალებულები უზრუნველყოს

"ბოშების ბაზრის ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დაზარალებულები ალტერნატიული ფართით უზრუნველყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საფუძველსმოკლებულია განცხადებები იმის შესახებ, რომ დაზარალებულებზე დაფინანსება მერის სარეზერვო ფონდიდან უნდა გაიცეს.

"ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა ბაზრობის ადმინისტრაციასა და დასაქმებულ ადამიანებს შორის. დიდუბის გამგებელი ყოველდღიურად ჩართულია ამ საკითხების მოგვარებაში და ჩვენ მათ მოლაპარაკებების პროცესში ვეხმარებით. როგორც დღეს გამგებელმა მომაწოდა ინფორმაცია, ბაზრობის ადმინისტრაცია კომერციული ბანკიდან დღე-დღეზე ელოდება დაფინანსებას, რომ დაზარალებული ადამიანები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ მერია სწრაფ რეჟიმში გასცემს ნებართვას ალტერნატიულ ტერიტორიაზე ბაზრობის გამართვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ბაზრობასთან, ხანძრისგან დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს, თბილისის მერიამ დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად 18 150 ლარი მთავრობის წინა სხდომაზე გამოყო.

ე.წ. ბოშების ბაზრობა 16 სექტემბერს დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ხანძარი გაქურდვის შემდეგ გაჩნდა. ისინი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

კომენტარები