ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში მდებარე თურქეთის ცენტრში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრაზე სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათი გადაწყვეტილებით, ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერა დაჩქარდება. საქართველოს პრემიერმა და თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ხაზი სამხრეთკავკასიური მილსადენის მნიშვნელობასაც გაუსვეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც გამოხატა.

"თურქეთი საქართველოს მხარში უდგას იმ გზაზე, რასაც ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჰქვია“, - განაცხადა ერდოღანმა.

საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ იორკში, გაეროში იმყოფება. ის კლიმატის სამიტზე სიტყვით გუშინ გამოვიდა. ასევე გუშინ, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების დღეები გახსნა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ ქართული კინოს ტრადიციებით. უკვე საუკუნეა, ძლიერ და უმშვენიერეს ფილმებს ვქმნით. კინო ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართული ფილმი ზედმიწევნით ასახავს ქართულ რეალობას. ის საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების პარალელურად განვითარდა... ჩვენი მიზანია ქართული კინოს წარსული დიდების აღორძინება და ახალი მიმართულებების ძიება“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები