აშშ-საქართველოს ურთიერთობები

Foreign Policy უარყოფს, რომ შეცდომა დაუშვა

foreignpolicy.com

ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ს რედაქტორი უარყოფს, რომ ჟურნალისტმა შეცდომა დაუშვა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ციტირებისას. 

ტაბულას კითხვაზე, აპირებს თუ არა გამოცემა ელჩის ბრალდების პასუხად შეცდომის გასწორებას, გამოშვების რედაქტორი იოჩი რიზენი ამბობს, რომ ჯონ ჰადსონის სტატის რედაქტირება მან მოახდინა, რომ ისინი პასუხს აგებენ მასში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე და არაფრის გასწორებას არ აპირებენ. 

ამერიკულმა გამოცემამ 23 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ აშშ-ს ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა. გამოცემას ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან მოიპოვა, სწორედ გეგეშიძემ დაუდასტურა. 

მოგვიანებით, გეგეშიძემ Foreign Policy-ს სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო. 

"როგორც ჩანს, უცხოურ მედიაშიც არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა, რადგან ჟურნალისტმა ასეთი უზუსტობა დაუშვა. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს", - თქვა გეგეშიძემ. 

არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია საქართველოს მიერ აშშ-ისთვის სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნის შეთავაზების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება და რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება.

უშიშროების საბჭოს გარდა განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილი არ არის. 

"საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და NATO-სთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში". უწყებაში გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს და აღნიშნეს, რომ "საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზა ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები