აშშ-საქართველოს ურთიერთობები

FP: საქართველო აშშ-ს თავის ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნას სთავაზობს

საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ს აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე უდასტურებს. გეგეშიძის თქმით, საქართველომ ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა, თუმცა, ოფიციალური დასტური თეთრი სახლისგან არ მიუღია. მისივე განმარტებით, ცენტრი არა მხოლოდ სირიელ მეამბოხეებს, არამედ ჯიჰადისტებთან მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან გაწვრთნის. "ეს კონტრტერორიზმის საწვრთნელი ცენტრი იქნება ნებისმიერი ეროვნებისთვის", - აღნიშნავს გეგეშიძე.

სტატიის მიხედვით, სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნის ინიციატივა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს მისი თბილისში ვიზიტის დროს არაფორმალურ შეხვედრაზე შესთავაზეს.

„მიუხედავად ამ ინიციატივისა, საეჭვოა, რომ საქართველო NATO-ს წევრი არათუ უახლოეს პერიოდში, არამედ ოდესმე გახდეს. უპირველესი დაბრკოლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული მოძრაობებია. რუსეთის სამხედრო ძალები 2008 წლის შემდეგ კვლავ რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კი წარმოშობს შიშს, რომ თბილისის ალიანსში გაწევრიანებას შესაძლოა NATO-ს რუსეთთან კონფრონტაცია მოჰყვეს ალიანსის მეხუთე მუხლის კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ტაბულამ ინფორმაცია საქართველოს შეთავაზებაზე მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ინფორმაცია უარყვეს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ კი თქვა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ღირდა, რადგან ეს სრული აბსურდი და ჭორია. ტაბულა კვლავ დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს კომენტარისთვის, სადაც თქვეს, რომ ამ თემაზე განცხადებას მალე გაავრცელებენ.

კომენტარები