პატიმრის გაქცევა

პატიმრის გაქცევის საქმეზე ბადრაგირების სამსახურის თანამშრომლები დააკავეს

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულ რუსლან სოსელიას გაქცევის საქმეზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების 3 თანამშრომელი დააკავეს.

"აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ანდა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან სოსელიამ, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით ის სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები