სმარტფონი

iPhone 6-ის მოხსნილი რეკორდები

Apple-მა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პროდუქტის iPhone 6-ის წინასწარი შეკვეთების მიღების დაწყებიდან 24 საათში 4 მილიონი შეკვეთა მიიღო, რამაც Apple-ის საიტი გარკვეული პერიოდით გადატვირთა.

პირველ კვირაში Apple-მა 10 მილიონზე მეტი შეკვეთა მიიღო. მან საკუთარი რეკორდი მოხსნა - 2012 წელს iPhone 5-ზე პირველ 24 საათში ორი მილიონი შეკვეთა მიიღო, რაც იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური იყო. მობილურებს პირველი მომხმარებლები უკვე სექტემბრის ბოლო რიცხვებში მიიღებენ.

Apple-ი მომხმარებელს წელსაც ორი ტიპის iPhone-ს სთავაზობს. iPhone 6-ს 4.7 ინჩის დიაგონალის მქონე ეკრანი აქვს (გაფართოება 1334 x 750), მისი 16- გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი აშშ-ში $649-დან დაიწყება, ხოლო iPhone 6 plus-კი უფრო მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი. მისი 16-გიგაბაიტიანი ვერსიის საწყისი ფასი აშშ-ში $759 იქნება, მისი ეკრანი 5.5-ინჩიანია (გაფართოება 1920 x 1080). ორივე მოდელს ეგრეთ წოდებული HD Retina ეკრანი აქვს, 326 პიქსელი ერთ ინჩზე, რაც Galaxy Note 4-ის მონაცემებს ჩამორჩება - მას ერთ ინჩზე 515 პიქსელი აქვს.

საინტერესოა, რომ ახალი iPhone არ იქნება საფირონის პანელით დაფარული. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მობილურების ეკრანები დაფარული იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მყარი ნივთიერების, საფირონის პანელებით, ასევე ინფორმაცია Apple-ისა და GT Advanced Technologies მრავალ მილიონიან კონტრაქტზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ფირმამ ვერ შეძლო დროულად დაემზადებინა საფირონის პანელები, ამიტომაც ის Apple-მა Gorilla Glass-ით ჩაანაცვლა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ GT Advanced Technologies-ის აქციები ერთ დღეში 14%-ით დაეცა.

iPhone 6 6.9 მილიმეტრის სისქის არის, ხოლო iPhone 6 plus მასზე ორი მილიმეტრით უფრო დიდია. Apple-მა მობილურებისთვის ახალი პროცესორები შეიმუშავა - A8, რომელიც წინა თაობის iPhone-ის პროცესორზე 25%-ით სწრაფია, ასევე მობილურში არის M8 მოძრაობის აღმქმელი დამხმარე პროცესორი.

iPhone 6 plus საუბრის რეჟიმში საშუალოდ 16 საათის მანძილზე იმუშავებს, ხოლო უფრო მომცრო iPhone 6-ს უფრო პატარა ბატარეა აქვს. ის საუბრის რეჟიმში საშუალოდ 10 საათის მანძილზე იმუშავებს. ახალი სმარტფონი iOS 8 ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

ორივე ტელეფონს 8-მეგაპიქსელიანი iSight კამერა აქვს, ახალი კამერა უფრო სწრაფად ახდენს სხვადასხვა განათების მქონე გარემოში ავტომატურად ფოკუსირებას. კამერის ლინზა, როგორც წინა მოდელში, წელსაც საფირონის დამცავი ლინზით არის დაცული. საინტერესოა, რომ Apple-ის დეველოპერებმა ასეთ ვიწრო კორპუსში კამერის ჩატევა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ახალი iPhone-ის კამერა კორპუსიდან მცირედით ამობურცულია.

Apple-ი უკვე იწყებს ახალი მობილურების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას. ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ასახულია თუ როგორ გადააქვთ სატვირთო თვითმფრინავებს iPhone-ები. 195 ათასი iPhone-ით დატვირთული ბოინგ 747 ქალაქ ანკორიჯში დაჯდა, მობილურების წარმოების ადგილიდან, სამხრეთ ჩინეთიდან უკვე გაემგზავრნენ მობილურებით დატვირთული კონტეინერმზიდები.

Apple-მა მხოლოდ 2013 წელს 148 მილიონი iPhone გაყიდა, ხოლო 2014 წელს ფირმამ 500 მილიონი iPhone-ის გაყიდვა აღნიშნა.

2015 წლიდან ასევე დაიწყება apple watch-ის პირველი გაყიდვები, მოწყობილობას ადამიანის ბიომეტრიული მონაცემების გაკონტროლება და მათზე მუდმივი მონიტორინგის წარმოება შეეძლება.

კომენტარები