ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობის თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც". როგორც ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში აღნიშნა, "სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა".

კითხვაზე, "ვინ გისმენთ?", ივანიშვილი პასუხობს, რომ "არ ვიცი, რა და როგორ არის". დამატებით კითხვაზე - "ვინ შეიძლება, გისმენდეთ?", ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ "ის, ვისაც ეს ხელწერა ჰქონდა. თუ გახსოვთ, ვერის უბნის მელოდიებში არის ასეთი ეპიზოდი, ქურქი სად არისო და კარგად იცი, სადაც უნდა ეძებოვო. 9 წლის განმავლობაში ეს ხალხი, (ნაციონალები) ძირითადად ამას აკეთებდა და ამაზე ჰქონდა აგებული ყველაფერი. თუ გვისმენენ, ალბათ, ისევ ესენი გვისმენენ. თუმცაღა ისევ მათი მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ მოსმენებს დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. არადა, არც ერთი მაგალითი არ დაუსახელებიათ, ამას მე დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს და ჩემთვის კატასტროფა იქნება თუ მსგავსს გაიმეორებდა დღევანდელი მთავრობა". 

ბიძინა ივანიშვილის თქმითვე, "შეიძლება მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო, თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით".

კომენტარები